ბარსელონაში გამართული საპროტესტო აქციები საღამოს საათებში შეტაკებებში გადაიზარდა. ნიღბიან ადამიანთა ჯგუფებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ნიღბიანი პირები ნაგვის ურნებს წვავდნენ და ამსხვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტთა ჯგუფმა პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკები გაუშვა და რამდენიმე მაღაზია გაძარცვა, მათ შორის Lego-ს მაღაზია. ასევე, დაფიქსირდა „ეფლის“ მაღაზიაში შეჭრის მცდელობა. თავდასხმები განხორციელდა უძრავი ქონების სააგენტოების ოფისებზეც.
ბარსელონის ცენტრში პოლიციის გაძლიერებული მობილიზება იყო. სამართალდამცველებს ჩაფხუტები და დამცავი ფარები ეკეთათ. ქუჩებში ცეცხლმოკიდებული ნაგვის ურნები და მცირე ხანძრები იყო.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ინციდენტთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს.
მადრიდსა და ბარსელონაში ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველი საყოველთაო გაფიცვის ფონზე გამოვიდა.
მედიის ცნობით, მადრიდში გამართულ დემონსტრაციაში დაახლოებით 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, ბარსელონაში კი 50 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. აქციის მონაწილეები ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და ცხოვრების გაუმჯობესებულ პირობებს მოითხოვდნენ.
გაფიცვა ქვეყნის მთავარმა პროფკავშირულმა გაერთიანებებმა საცხოვრებლის გაძვირებისა და ცხოვრების მაღალი ხარჯების გასაპროტესტებლად მოაწყვეს. გაფიცვამ ესპანეთის მასშტაბით ტრანსპორტისა და სხვა საზოგადოებრივი სერვისების მუშაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. მადრიდსა და ბარსელონაში მოძრაობა რამდენიმე მთავარ გზაზე შეჩერდა.
ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა 2012 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, მასში მილიონობით დასაქმებული მონაწილეობდა. გაფიცვას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციები.
პროტესტი მადრიდში 87 წლის ქალის გამოსახლებამ და მისმა შემდგომმა გარდაცვალებამ გამოიწვია. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა პარლამენტის მიერ მთავრობის იმ დადგენილებების უარყოფამ, რომლებიც გამოსახლებების შეზღუდვასა და ქირის ზრდის შეკავებას ისახავდა მიზნად. ამ მოვლენების შემდეგ პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
ესპანეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების დეფიციტი დაახლოებით 750 000 ერთეულს შეადგენს და, პროგნოზის თანახმად, 2028 წლისთვის მილიონს გადააჭარბებს. ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს ინფორმაციით, ქირის საშუალო ფასი – 1 176 ევრო – ახალგაზრდა ადამიანის საშუალო თვიური ხელფასის თითქმის 98.7 პროცენტს უტოლდება.

