11 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის დიპლომატმა, ალექსეი დრობინინმა განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან თავდაუსხმელობის პაქტები გააფორმოს – როგორც ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უკრაინის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში განიხილება.
ვლადიმირ მედინსკიმ, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარმა წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს იდეა აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იყო, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
დრობინინმა მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნული იდეის თაობაზე სხვადასხვა შეთავაზებები წარადგინა.
დრობინინის მიერ შეთავაზებული პირველი ვარიანტი კოლექტიური თავდაცვით ალიანსს ან ორმხრივ ურთიერთდახმარების შეთანხმებებს გულისხმობს, მსგავსად იმ ხელშეკრულებებისა, რომლებიც რუსეთს ბელარუსთან და ჩრდილოეთ კორეასთან აკავშირებს.
მეორე შესაძლებლობად მან დაასახელა პოლიტიკური შეთანხმებები იმის თაობაზე, რომ აგრესიის შემთხვევაში მხარეები ერთმანეთის მოწინააღმდეგეებს არ დაეხმარონ, მოსკოვსა და ირანს შორის არსებული პაქტის ანალოგიურად.
მესამე ვარიანტად მან ორმხრივი თავდაუსხმელობის პაქტი წარადგინა.
“მაგალითად, ამგვარი შეთანხმებების მიღწევა, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებელია NATO-ს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც შემდეგ, რუსეთის ფედერაციისგან უსაფრთხოების დამატებით ინდივიდუალურ გარანტიებს მიიღებენ”. – განუცხადა დრობინინმა კონფერენციის მონაწილეებს.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვია. დელეგაციაში ასევე შედიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და სხვა ოფიციალური პირები.
მანამდე უკრაინული გამოცემა უკრაინსკა პრავდას წყარომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი პერიოდის საკითხები განიხილეს.
პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ მხარეები ტყვეების მასშტაბური გაცვლის უახლოეს პერიოდში შესრულებაზეც შეთანხმდნენ.
მოლაპარაკებები უკვე მეორე დღეა რაც გრძელდება.

