ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა.
ამის შესახებ სტუბმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ძალიან გამჭრიახი, ანალიტიკური აზროვნების მქონეა, კარგად მომზადებული და საუბრის დროს ძალიან მშვიდია. მას ნამდვილად შეუძლია მოსმენა“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს პირდაპირი და საქმიანი უწოდა. მისი თქმით, მიუხედავად დიალოგისა, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ არ აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ ფორმით, როგორც ამას კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები მოითხოვენ.
სტუბის განცხადებით, პუტინთან საუბარი უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით შედგა და მისი მიზანი აბუ დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კიევის ძირითადი გზავნილების მოსკოვისთვის გადაცემა იყო.
ამასვე ინტერვიუში ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა მთლიანად შეერთებულ შტატებს არ უნდა გადააბაროს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადავაბაროთ“, – განაცხადა სტუბმა.
მისივე შეფასებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპას რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შეკავების მექანიზმები დასჭირდება. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთმა სამხედრო ძალები ფინეთის საზღვართან განალაგოს.
ფინეთის პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ პუტინთან მისმა საუბარმა ევროპაში უთანხმოება გამოიწვია. მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებს წინასწარ აცნობა დაგეგმილი კონტაქტის შესახებ და მათი უმრავლესობისგან დადებითი შეფასება მიიღო.
სტუბი მიიჩნევს, რომ ახლა სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობის გასაძლიერებლად უფრო მეტი გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ უნდა გააკეთონ.
„ომი ოთხ წელიწად-ნახევარზე მეტია, გრძელდება და ვითარება არ გაუმჯობესდება, თუ ევროპა დუმილს გააგრძელებს“, – თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს ბოლო პერიოდში რუსეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების პირდაპირი კონტაქტის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო.

