ახალი ამბები მსოფლიო

გერმანიამ, უსაფრთხოების მიზნით, სამხედრო ბაზებზე ჩინური დრონების გამოყენება აკრძალა

გერმანიამ, უსაფრთხოების მიზნით, კომერციულად ხელმისაწვდომი ჩინეთში წარმოებული დრონები თავის სამხედრო ბაზებსა და საწვრთნელ პოლიგონებზე აკრძალა, – ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები, რომლებიც ბოლო წლებში სამხედრო ქვედანაყოფებმა ბიუროკრატიული კონტროლის შეზღუდულ პირობებში შეიძინეს, ექსპლუატაციიდან რაც შეიძლება სწრაფად გაჰყავთ.

2024 წელს მიღებული სტრატეგიის თანახმად, ადგილობრივ მეთაურებს დრონების შეძენის უფლება მიეცათ. ეს სტრატეგია ითვალისწინებდა ე.წ. თეთრ სიას -დამტკიცებული სისტემების ჩამონათვალს, რომელშიც მსოფლიოში დრონების უმსხვილესი მწარმოებლის, ჩინური კომპანია DJI-ის მიერ წარმოებული რამდენიმე მოდელიც შედიოდა. გერმანული მედიის ცნობით, ვინაიდან ცალკეული სამხედრო ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული შესყიდვების ცენტრალიზებული აღრიცხვა არ არსებობს, სამხედრო უწყება იძულებულია, საყოველთაო აკრძალვა დააწესოს.

The Guardian-ი წერს, რომ დასავლეთის სამხედრო ძალებს სულ უფრო მეტად აშფოთებთ, რომ ჩინეთში წარმოებული ტექნოლოგია შესაძლოა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკს ჰქმნიდეს და შესაძლოა მგრძნობიარე ინფორმაციის პეკინისთვის გადასაცემად გამოიყენონ.

გერმანიის მიერ დრონების აკრძალვა მოჰყვა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილებას, აეკრძალათ ჩინური კომპანია BYD-ის ელექტრომობილების გამოყენება იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მდებარე კადენას საჰაერო ბაზაზე, რომელიც აშშ-ის უდიდესი საჰაერო ბაზაა აღმოსავლეთ აზიაში.

„ეს ავტომობილები ჩვენი პერსონალისა და მისიისთვის მიუღებელ და აღმოუფხვრელ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალი სტორმერმა.

იტვირთბა....