აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. როგორც Report-ი იუწყება, დოკუმენტს ხელი ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ყოველწლიურ შეხვედრაზე (COP31) მოეწერა.
გამოცემის ცნობით, შეთანხმება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარებას, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ელექტროენერგიის გადამცემი მარშრუტების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები სუფთა ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების მიმართულებით იმუშავებენ. ასევე, განისაზღვრება უსაფრთხო და უწყვეტი ტრანზიტისთვის შესაბამისი პირობები და პროექტის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე ექსპორტის ხელშეწყობა, პარტნიორი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და აზერბაიჯანის რეგიონულ ელექტროენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბება.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. 2025 წლის აპრილში კი ბაქოში ოთხი ქვეყნის ენერგეტიკულ უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
მოგვიანებით, 2026 წლის მაისში მხარეებმა პროექტის ტექნიკური დავალება შეათანხმეს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მომზადებაზე შეთანხმდნენ. ივნისში კი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნულ პროექტს „TANAP-ის ელექტროენერგეტიკული ვერსიაც“ კი უწოდა.
ახლა კი ირკვევა, რომ დღეს, 2026 წლის 10 ნოემბერს, COP31-ის ფარგლებში, ოთხ ქვეყანას შორის მწვანე ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

