გამოცემა Коммерсантъ წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტმა კრასნოიარსკის მხარეში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ 30 ლიტრი АИ-95 მარკის ბენზინის, 50 ლიტრი АИ-92 მარკის ბენზინის ან 100 ლიტრი დიზელის შეძენა შეუძლია, ხოლო კანისტრებში საწვავის ჩასხმა აკრძალულია.
ამასთან, რუსულ ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით Настоящее Время წერს, რომ მსგავსი შეზღუდვები კარელიასა და ბურიატიაში, ასევე იმიერბაიკალეთის მხარესა და ნოვოსიბირსკის ოლქშიც შემოიღეს. რუსულენოვანი მედიის მიხედვით, ქალაქებში ერთ მომხმარებელზე ბენზინის გაყიდვის ლიმიტი 30 ლიტრია, ავტომაგისტრალებზე კი – 50 ლიტრი.
რუსეთის რეგიონებში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები ივნისიდან დაწესდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშები გაახშირა.
გამოცემა Агентство წერს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ უკრაინამ როსნეფტთან დაკავშირებულ ოთხ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.
ხოლო 8-9 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონების სამიზნე ლენინგრადის ოლქში, ქალაქ კირიშიში, მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც გახდა, რაც ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა.

