პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთით ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობაში, – ამის შესახებ პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების კოორდინაციის მინისტრმა, ტომაშ სიემონიაკმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 და 25 წლის უკრაინელები ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში დააკავეს.
ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობასთან ერთად, მათ ბრალი სატრანსპორტო საშუალებების განზრახ დაწვაშიც წაუყენეს.
შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მანამდე ისინი ავტომობილების სანომრე ნიშნებს იმ სანომრე ნიშნების მსგავსი ნომრებით ცვლიდნენ, რომლებიც უკრაინის არმიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოიყენება.
დაკისრებული დავალებების შესრულებისთვის ისინი ანაზღაურებას იღებდნენ, მათ შორის კრიპტოვალუტით. ორივე მათგანს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.

