აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში 23 სამხედროს მოწამვლის საქმეს იძიებენ, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები

უკრაინის ეროვნული პოლიცია 23 სამხედრო მოსამსახურის საწამლავით მკვლელობის ფაქტებზე 21 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. პოლიციის ცნობით, დანაშაულებში ეჭვმიტანილთა შორის შვიდი არასრულწლოვანი გოგოა, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, 13 შემთხვევაში სამხედროების მოსაწამლად მეტადონი გამოიყენეს.

სამართალდამცველების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ბავშვებს დანაშაულების ჩასადენად მესენჯერების, მათ შორის Telegram-ის, გაცნობის საიტებისა და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით იბირებენ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის დროს 14 წლის იყო.

ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ ბრალდების აქტები დაამტკიცა და საქმეები სასამართლოში განიხილება. კიდევ ერთი საქმე პოლიციამ სხვა სამართალდამცავ უწყებას გადაუგზავნა, დანარჩენ საქმეებზე კი წინასასამართლო გამოძიება გრძელდება.

მანამდე, ოქტომბრის დასაწყისში პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით 14 წლის როვნოს მცხოვრებმა უკრაინელი სამხედრო მოკლა. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა კაცს სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა, შემდეგ კი დაახრჩო.

ოქტომბრის ბოლოს სამართალდამცველებმა 17 წლის გოგო დააკავეს, რომელიც, გამოძიების ცნობით, უკრაინელი სამხედროების მოწამვლაში რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) ეხმარებოდა. ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მაქსიმ ცუცქირიძის თქმით, იმ დროისთვის ორი დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.

იტვირთბა....