საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სუპერმარკეტების მაცივრებზე კიბერშეტევების უკან ჰაკერული დაჯგუფება “შაჰიდ კავე” დგას, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არის დაკავშირებული.
უწყების ცნობით, კიბერშეტევებმა საფრანგეთის მასშტაბით 700-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი დააზარალა. მიყენებული ზარალი ათობით მილიონ ევროს შეადგენს.
“ეს უპრეცედენტო მასშტაბისა და აგრესიულობის კიბერშეტევების კამპანიაა. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდასხმების ერთადერთი მიზანი საბოტაჟი იყო.” – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის სამართალდამცველებმა “შაჰიდ კავეს” ხელმძღვანელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ასევე განაცხადა, რომ კიბერშეტევებში მონაწილე პირების წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებას მოითხოვს.
ჰაკერებმა ფრანგული სუპერმარკეტების მაცივრების კონტროლის სისტემა 12 ოქტომბრის ღამეს გატეხეს, მოწყობილობები გალღობის რეჟიმზე გადაიყვანეს და ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაზარდეს. შედეგად, პროდუქტები გაფუჭდა, რამდენიმე მაღაზიაში კი ხანძარი გაჩნდა.
ნოემბრის დასაწყისში ანალოგიური კიბერშეტევები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოხდა, მათ შორის ბელგიაში, შვედეთსა და ესტონეთში. ამ ქვეყნების ხელისუფლებებს თავდასხმებზე ოფიციალური პასუხისმგებლობა ჯერ არავისთვის დაუკისრებიათ.

