BBC-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების კონტროლის საკითხზე არასაჯარო მოლაპარაკებებში “გარკვეულ მოქნილობას” იჩენენ. ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ ისაუბრეს.
მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლები აბუ-დაბიში შეხვდებიან. ეს პირველი სამმხრივი შეხვედრაა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით თებერვლის შემდეგ.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი დონეცკის ოლქია, რომლის უდიდესი ნაწილი რუსეთს ოკუპირებული აქვს. მოსკოვი უკრაინისგან ოლქის დარჩენილი ნაწილის დათმობას მოითხოვს, კიევი კი ფრონტის ხაზის გაყინვას და ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას ითხოვს.
BBC-ის ცნობით, აშშ-ს ოფიციალური პირის განცხადებით, მხარეები საჯაროდ პოზიციებს არ ცვლიან, თუმცა დახურულ მოლაპარაკებებში გარკვეულ “მოქნილობას ავლენენ”. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმების გარეშე.
ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ჩარჩო უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებს, კრიზისული კომუნიკაციის ცხელი ხაზების შექმნასა და მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირების ორმხრივ ზომებს მოიცავს. ასევე განიხილება 2022 წლიდან ფაქტობრივად შეჩერებული NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება.
აშშ-ს წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი მოლაპარაკებების მრავალმხრივ ფორმატში გადაყვანას და პროცესში ევროპელი მოკავშირეების ჩართვასაც შესთავაზებს მხარეებს. ევროპელი ლიდერები აქამდე მოლაპარაკებებიდან დიდწილად გამორიცხულნი იყვნენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მნიშვნელოვანი განხილვები NATO-ს წევრებისა და ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.
უკრაინის რადაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ BBC-სთან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის ხარჯზე სწრაფი შეთანხმების მიღწევა სურს, რასაც კიევი არ მიიღებს. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის რეალური მოლაპარაკებების დაწყების ერთადერთი გზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და დარტყმების გაძლიერებაა.
აბუ დაბიში რუსეთის დელეგაციაში იქნებიან კრემლის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, ასევე რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი. უკრაინას წარმოადგენენ, მათ შორის, რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი და დავით არახამია.
ამავდროულად, რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. კიევში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ამ გზით უკრაინაზე ზეწოლას ცდილობს, რათა ის რუსეთის პირობებით შეთანხმებას დათანხმდეს.

