აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ, ჩინეთი და რუსეთი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის ფორმატზე ვერ თანხმდებიან – The Wall Street Journal 

აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოება წარმოიშვა სამმხრივი შეხვედრის ფორმატსა და დღის წესრიგზე, რომელშიც აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები უნდა მონაწილეობდნენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შეხვედრის გამართვა 18-19 ნოემბერს, ჩინეთში დაგეგმილი აზია-წყნარიოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში განიხილება. გამოცემის ცნობით, სამმხრივი შეხვედრის იდეა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას შესთავაზა.

WSJ-ს ინფორმაციით, პეკინს სურს, შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული სცენარით წარიმართოს: სამივე ლიდერმა მომზადებული განცხადება წაიკითხოს, დისკუსიის შესაძლებლობა კი მინიმუმამდე შეიზღუდოს. ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, ასეთ ფორმატში პეკინი მზად არის უკრაინისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი ცალკეული ორმხრივი შეხვედრების გამართვას ამჯობინებს.

ტრამპის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, უფრო თავისუფალ ფორმატს უჭერს მხარს, რომელიც ლიდერებს აზრების გაცვლისა და საკითხების აქტიური განხილვის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, ტრამპს სურს, შეხვედრაზე ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხიც განიხილონ. თუმცა, WSJ-ს ცნობით, ჩინეთი ამ თემაზე მოლაპარაკებებს დიდი ხანია თავს არიდებს. პეკინში მიიჩნევენ, რომ ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობამ შესაძლოა ჩინეთი უფრო სუსტ მხარედ წარმოაჩინოს, რასაც სი ძინფინგი არ დათანხმდება. ჩინეთის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, პეკინი ასეთ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

გამოცემის ცნობით, პუტინის ერთ-ერთი მიზანი სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვისთვის ხელსაყრელ პირობებზე შეთანხმება იყო.

ტრამპს მანამდე უთქვამს, რომ სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა მისი მთავარი ინტერესი არა უკრაინაში ომის, არამედ ბირთვული იარაღისა და განიარაღების საკითხების განხილვაა. აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალები აქვთ.

იტვირთბა....