აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს.
სახელმწიფო მდივანს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში საუბარი შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ანუ ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას. აშშ-ის მხრიდან განიხილება თუ არა ნატო-ს მე-5 ან მე-4 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების გაცემის შესაძლებლობა.
„ვფიქრობ, ჯერ არ შევთანხმებულვართ საბოლოო და კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს გარანტიები. თუმცა, განხილულია გარკვეული იდეები, თუ როგორი შეიძლება, იყოს უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან, ჩემი აზრით, ის ომის საბოლოოდ დასრულებისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გულისხმობს შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ომის შემდეგ თავი დაცულად იგრძნოს. ცხადია, იმისთვის, რომ იმუშაოს, მას რუსეთიც უნდა დაეთანხმოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, ეს განცხადებები წინ უძღვის აბუ დაბიში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელთა ორგანიზებაშიც აშშ შუამავლის როლს ასრულებს.

