ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საოკუპაციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
43 წლის გურამ ჭიჭინაძეს რუსეთის მხარე დაქირავებულ მებრძოლობაში ადანაშაულებს. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, იგი თავდაპირველად უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში, მოგვიანებით კი 115-ე მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობდა.
პროკურატურის განცხადებით, ჭიჭინაძემ 2022 წლის ნოემბერში სამხედრო მოქმედებების ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, სადაც 400 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.
რუსეთის პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 43 წლის ჭიჭინაძე 2024 წლის თებერვალში სამხედრო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა, ხოლო თებერვლის ბოლოს რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს.

