აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოპერატიულ ჯგუფ Iron Gate-ის („რკინის კარიბჭის“) შექმნა გამოაცხადა, რომელიც ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე იარაღის, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებისა და სხვა სანქცირებული საქონლის გადაადგილებას ხელს შეუშლის. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
სარდლობა ამ ინიციატივას ირანის საზღვაო ბლოკადის გაფართოებას უწოდებს.
„Iron Gate-ის შექმნა ირანის მკაცრი საზღვაო ბლოკადის წარმატებას აძლიერებს,“ – ამბობს CENTCOM-ის მეთაური, ადმირალ ბრედ კუპერი.
ახალ ოპერატიულ ჯგუფში, დაახლოებით, 20 სამოქალაქო და სამხედრო სპეციალისტი შევა. ის ფლორიდაში იქნება ბაზირებული. მისი მისია ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე იარაღის მოწინავე სისტემების, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, სანქცირებული მასალისა და უკანონო ფინანსური ნაკადის გადაადგილების აკრძალვას მოიცავს.
CENTCOM არ აკონკრეტებს მეთოდებს, რომლითაც ჯგუფი მისთვის დაკისრებულ ამოცანებს შეასრულებს ან იგულისხმება თუ არა, მათ შრის, სამხედრო ოპერაციები.
საზღვაო ბლოკადის ფონზე ირანი სახმელეთო სავაჭრო გზებს სულ უფრო აქტიურად იყენებს. კერძოდ, ჩინეთი, რომელიც თეირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, სარკინიგზო გადაზიდვებს ცენტრალური აზიის გავლით ზრდის.
CBS News-ის ცნობით, ირანი, ასევე, მნიშვნელოვან სავაჭრო კავშირს რუსეთთან სახმელეთო გზებითა და კასპიის ზღვით ინარჩუნებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ რუსეთსა და ჩრდილოეთ ირანს შორის პირდაპირ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
თეთრი სახლის მონაცემებით, საზღვაო ბლოკადამ ირანს უკვე, დაახლოებით, 25 მლრდ დოლარის ღირებულების ნავთობის გაყიდვაში ხელი შეუშალა, რომლის დიდი ნაწილი აზიის ბაზრებისთვის იყო განკუთვნილი.

