ესპანეთის ახალგაზრდობისა და ბავშვთა მინისტრი სირა რეგო აცხადებს, რომ მისმა სამინისტრომ TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას მიმართა.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება პლატფორმაზე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და პედოფილებს შორის კომუნიკაციის ამსახველი ათასობით ვიდეოს აღმოჩენის შემდეგ მიიღო.
ამასთან, მინისტრი ესპანეთში სოციალური პლატფორმის დაბლოკვასაც განიხილავს.
მედიის ცნობით, მინისტრის გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ესპანეთში ჩატარებული გამოძიებით, რომლის მიხედვითაც, პლატფორმაზე განთავსებული დოკუმენტირებული ვიდეოები, პირდაპირი ტრანსლაციები და შეტყობინებები პრაქტიკულად ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკებს შეიცავს. მედიის ცნობით, ორგანიზაცია Maldita.es-მა, რომელმაც 35 დღის განმავლობაში ჩაატარა გამოძიება TikTok-ზე, აღმოაჩინა 1 183 ვიდეო, რომლებიც შეიცავდა ბავშვზე სექსუალური ძალადობის აშკარა სცენებს, რომლებმაც 48 მილიონი ნახვა დააგროვა, ასევე 26 000-ზე მეტი პოტენციური პედოფილის პროფილი, რომლებიც კომენტარს აკეთებდნენ და ავრცელებდნენ ამ მასალას.
სამინისტროს წყაროების ცნობით, ორგანიზაცია Maldita.es-ის მიერ დოკუმენტირებული ფაქტები უკიდურესად სერიოზულია და მოითხოვს ყველა კომპეტენტური ორგანოს დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ რეაგირებას, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე. გარდა ამისა, ისინი ავლენენ სერიოზულ ხარვეზებს TikTok-ის კონტენტის ამოცნობისა და მოდერაციის მექანიზმებში.
2026 წლის ივლისში ევროკომისიამ TikTok-ს წინასწარი დასკვნა გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, პლატფორმაზე არასრულწლოვანთა ანგარიშების მართვის მოდელი არ შეესაბამება ევროკავშირის ციფრული კანონმდებლობით მოთხოვნილ უსაფრთხოების სტანდარტებს.

