სომხეთმა ირანს გარანტია მისცა, რომ სატრანსპორტო პროექტ ტრმაპის გზის განხორციელება რეგიონის საერთაშორისო საზღვრებისა და გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებას არ გამოიწვევს, სამშენებლო სამუშაოებს სომხური კომპანიები შეასრულებენ, ხოლო პროექტის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები არ განთავსდებიან, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თეირანმა ერევანს თავიდანვე აცნობა საკუთარი შეშფოთების შესახებ, რომელიც უკავშირდება პროექტში შეერთებული შტატების მონაწილეობასა და მის შესაძლო გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
ბაღაიმ აღნიშნა, რომ ირანი მხარს უჭერს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტები არ უნდა იწვევდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისა და რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებას.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თეირანი ყურადღებით აკვირდება პროექტის განხორციელებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში ყოფნა და ჩარევა, ირანის შეფასებით, უსაფრთხოების დამატებით რისკებს ქმნის.
ამასთან, ბაღაიმ აღნიშნა, რომ ირანი სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარ პოზიციას პროექტში მონაწილე მხარეებს კვლავ გააცნობს.

