ევროკავშირისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების შიდა ანგარიშების მიხედვით, უცხოურმა ძალებმა საფრანგეთის შიდა არეულობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.
ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა ფარულმა ქსელმა Operation Overload-მა, სოციალური მედიის საშუალებით სცადა საფრანგეთის არეულობის სათავისოდ გამოყენება. დოკუმენტის მიხედვით, ქსელი ავრცელებდა ყალბ ვიდეოებსა და დეზინფორმაციას, თითქოს მიგრანტები მომიტინგეებზე სექსუალურად ძალადობდნენ ან ტერაქტები იგეგმებოდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობდა, არეულობა დაებრალებინა უკონტროლო იმიგრაციისთვის და საფრანგეთის ხელისუფლება სუსტად და ამავდროულად, ავტორიტარულად წარმოეჩინა.
„როიტერი“ წერს, რომ Operation Overload-ის ქსელი 2023 წლიდან აქტიურობს, იყენებს დასავლური მედიის დასახელებებს, ხელოვნურ ინტელექტს და სიახლეების ყალბ ფორმატებს, რათა შეასუსტოს ევროპული მხარდაჭერა უკრაინის, ხოლო უნდობლობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში აჩვენებს, რომ პრო-რუსული ანგარიშების გარდა, მტრული ნარატივები ისრაელთან და ამერიკულ MAGA-ს მოძრაობასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმაც გაავრცელეს, რომლებიც არეულობას მიგრაციასა და რადიკალურ ისლამიზმს უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ MAGA-სა (49 მილიონზე მეტი ნახვა) და ისრაელთან (35 მილიონზე მეტი ნახვა) დაკავშირებული პოსტების ნახვების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა პრო-რუსული ანგარიშების ნახვებს (2.8 მილიონი).
ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არეულობა არ იყო წამოწყებული ან გამწვავებული რუსეთის ან სხვა საგარეო ძალების მიერ, მათ მხოლოდ „შესაძლებლობად გამოიყენეს“ არსებული შიდა პროტესტი.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განაცხადებით, პროტესტის უკან პირდაპირი უცხოური ჩარევა არ ყოფილა, თუმცა ადგილი ჰქონდა „ინფორმაციით მანიპულირებას“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ისრაელის ოფიციალურ პირებს კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.

