აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეთრ სახლთან ახლოს, მოპარულ ავტომობილში მყოფი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. მან განაცხადა, რომ თავში ესმოდა ხმები, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლას სთხოვდნენ, იუწყება Fox 5.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მამაკაცი საეჭვო ქცევის გამო შენიშნეს. ავტომობილი ხუთშაბათს საღამოს კონსტიტუციის გამზირზე იყო გაჩერებული. როდესაც აგენტები მამაკაცს მიუახლოვდნენ, მან მათ უამბო, რომ თავში ხმები ჩაესმოდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ავტომობილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს AR-15-ის ტიპის შაშხანა, ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ავტომობილი სამხრეთ კაროლინაში იყო მოპარული.
30 წლის ვენესუელელი რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი აშშ-ის მარშალების სამსახურმა დააკავა. მას ბრალად ედება ქურდობა, მოპარული ქონების მითვისება, შაშხანის ტარება და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სხვა დანაშაულები.
„ეს შემთხვევა ასახავს იმ გაზრდილი საფრთხეების გარემოს, რომელშიც გვიწევს მუშაობა, ასევე იმ შეიარაღებული პირების მზარდ რაოდენობას, რომლებსაც თეთრი სახლის კომპლექსის სიახლოვე იზიდავთ“, – განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა შონ კურანმა.
მისი განცხადებით, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მსგავსი სიტუაციებისთვის მომზადებულნი არიან.

