ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.
პოტურაევი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოვლენები სერიოზულ კითხვებს აჩენს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული კონკურენციისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ ყველაზე მკაცრი პირობებით შეიძლება იყოს გამართლებული. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამორიცხვით“, – აღნიშნა პოტურაევმა.
მისი განმარტებით, ის პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციურ პროცესებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუმცა პარტიებზე დაწესებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს.
პოტურაევის განცხადებით, 2026 წლის ივლისში მიღებულ ჰააგის დეკლარაციაში ასამბლეამ უკვე გამოხატა შეშფოთება მსხვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა პოლიტიკური პლურალიზმისა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესებისადმი და ქართულ ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, ისევე როგორც ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია, დაიცვას დემოკრატია, ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი.
„ეს ვალდებულებები უნდა იყოს დაცული და შესრულებული გამონაკლისის გარეშე“, – ამბობს პოტურაევი.

