თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ რეგიონში, კაბადოკიაში, კლდის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა 29 ოქტომბერს, ნევშეჰირის პროვინციაში, გიორემეს დასახლებაში, გიორემეს ღია ცის ქვეშ, მუზეუმის შესასვლელთან მოხდა.
თურქული მედიის ცნობით, ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნიდან, რომელსაც ადგილობრივად „ზღაპრულ საკვამურებს“ (peribacası) უწოდებენ, ქვის მასა მოწყდა და იქ მყოფ ადამიანებს დაეცა. ჩამოშლილი ქანების ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის, ჟანდარმერიის, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (AFAD) და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

