პოლონეთი უკრაინას €50 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის უახლოეს მომავალში MiG-29 ტიპის ორ გამანადგურებელს გადასცემს. პოლონეთს უკრაინისთვის ამ დრომდე ჯამში 14 MiG-29 აქვს გადაცემული.
ამის შესახებ გამოცემა Rzeczpospolita-ს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა დარიუშ ლუკოვსკიმ განუცხადა.
“უახლოეს მომავალში. გადაწყვეტილება მიღებულია და ორი MiG-29 გადაეცემა.” – თქვა ლუკოვსკიმ, თუმცა, ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთ თვითმფრინავს ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოეწურა და უკრაინამ ის შესაძლოა, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენოს, მეორე გამანადგურებელი კი კვლავ დაფრინავს.
Rzeczpospolita-ს ცნობით, დახმარების პაკეტში ასევე შევა 155 და 152 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა, F-16-ის ექვსლულიანი ქვემეხებისთვის განკუთვნილი 20-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალა და Piorun-ის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაკეტები.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემას დაუდასტურა, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა, მისი შემადგენლობა დეტალურად არ გაუმჟღავნებია.
უწყების განმარტებით, პაკეტი მოიცავს ტექნიკას, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები ექსპლუატაციიდან ხსნის, თუმცა, უკრაინისთვის კვლავ გამოსადეგი შეიძლება იყოს.

