სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTS) ხელმძღვანელი არჩევნებში “სტუდენტური სიის” გამარჯვების შემდეგ გადადგა.
28 ოქტომბერს მანია გრჩიჩმა პროფკავშირების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
გრჩიჩის განცხადებით, იგი აცნობიერებს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილისთვის მისი თანამდებობაზე დარჩენა “დროებით ცვლილებების შემაფერხებელ გარემოებად აღიქმება”.
“მოლოდინი მაქვს, რომ მმართველი საბჭო, საკუთარი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებს ყველა საჭირო ზომას ხელმძღვანელობის უწყვეტობისა და მოვალეობების კანონიერი გადაბარების უზრუნველსაყოფად”. – აღნიშნა გრჩიჩმა.
Reuters-ის ცნობით, ორგანიზაციამ Reporters Without Borders (“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”) 2026 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში სერბეთი 180 ქვეყანას შორის 104-ე ადგილზე დაასახელა, რაც ქვეყნისთვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია Crta-ს გასული კვირის მონაცემებით, ეროვნული მაუწყებლობის მქონე ტელევიზიებმა პოლიტიკოსებისთვის გამოყოფილი დროის სამი მეოთხედი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუთმეს. Crta-ს დამატებითი ინფორმაციით, იმ შემთხვევების 80%-ზე მეტში, როდესაც საუბარი “სტუდენტურ სიას” ეხებოდა, იგი ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინდებოდა.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს სერბეთში ვოევოდინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (RTV) წლების განმავლობაში ცალმხრივი გაშუქებისა და არჩევნებში “სტუდენტური სიის” გამარჯვების შემდეგ ხალხის ზეიმის კადრების არ ჩვენებისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადა.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალი წლის განმავლობაში თავის ფუნქციას არ ასრულებდა”. – თქვა წამყვანმა სატელევიზიო ეთერში წაკითხულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას მალავდა, მოვლენებს ცალმხრივად და არაკრიტიკულად აშუქებდა, საჭირო კითხვებს კი არ სვამდა.
იმავე დღეს RTV-ის პირველი სატელევიზიო არხის მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად ჩაჩიჩმა თანამდებობა დატოვა. მის გადაყენებას პროფკავშირი Nezavisnost ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითხოვდა და მიზეზად მაუწყებლის რეპუტაციის შელახვასა და ხელისუფლების სასარგებლოდ გაშუქებას ასახელებდა.

