ახალი ამბები მსოფლიო

 ევროკავშირის ქვეყნებს ნავთობის იმპორტი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუძვირდათ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის გამო, ევროკავშირის ყოველთვიური დანახარჯები თითქმის 10 მილიარდი ევროთი გაიზარდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირმა ნავთობის იმპორტზე თვეში საშუალოდ 27,6 მილიარდი ევრო დახარჯა, რაც 2025 წლის საშუალო მაჩვენებელზე 55,8 პროცენტით მეტია. გასულ წელს ეს თანხა 17,7 მილიარდ ევროს შეადგენდა.

ამასთან, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა პრაქტიკულად არ შეცვლილა. ზრდამ მხოლოდ 1,2 პროცენტი შეადგინა. კერძოდ, თუ 2025 წელს ევროკავშირი თვეში საშუალოდ 36,3 მილიონ ტონა ნავთობს ყიდულობდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 36,7 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, იმპორტის ღირებულების მკვეთრი ზრდა ძირითადად ნავთობის გაძვირებას უკავშირდება. ერთი ტონა იმპორტირებული ნავთობის საშუალო ფასი 487 ევროდან 750 ევრომდე გაიზარდა და თითქმის გაუტოლდა 2022 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს.

„ევრონიუსის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების განცხადებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბრენტის მარკის ნავთობის საშუალო ფასი გასული წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 49,5 პროცენტით, ანუ ბარელზე 34 დოლარით გაიზარდა. ექსპერტების განმარტებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებაა. თუმცა, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიოში ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნაც. ევროპას ნავთობის შესყიდვისას კონკურენციის გაწევა აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან უწევს.

„ევრონიუსის მონაცემებით, სხვა ენერგომატარებლებზე დანახარჯები შედარებით მცირედით შეიცვალა. ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება 1,6 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ქვანახშირის 400 მილიონი ევროთი, ხოლო გათხევადებულ ბუნებრივ აირზე დანახარჯები 200 მილიონი ევროთი შემცირდა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ნავთობის გაძვირება უკვე აისახა ევროპაში საწვავის საცალო ფასებზე.
2026 წლის იანვრის პირველ კვირაში ევროკავშირში დიზელის ერთი ლიტრი საშუალოდ 1,54 ევრო ღირდა. მარტიდან ფასებმა მკვეთრად მოიმატა, იმავე თვის ბოლოს ორ ევროს გადააჭარბა, სექტემბრის ბოლოს კი 2,24 ევროს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირებულ პიკსაც აღემატება, როდესაც დიზელის ფასი 2,03 ევროს შეადგენდა.19 ოქტომბრის მდგომარეობით, დიზელის საშუალო ფასი 2,14 ევრომდე შემცირდა, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით კვლავ 38 პროცენტით მაღალია. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა ბენზინის შემთხვევაშიც. იანვრის დასაწყისში ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 1,60 ევრო ღირდა, სექტემბრის ბოლოს მისი ფასი 2,10 ევრომდე გაიზარდა, შემდეგ კი 1,99 ევრომდე შემცირდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობის გაძვირება მხოლოდ ტრანსპორტის ხარჯებზე არ აისახება და შესაძლოა, სამომხმარებლო პროდუქციის ფასების შემდგომი ზრდაც გამოიწვიოს. მათი შეფასებით, მოსალოდნელია სურსათის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა საქონლისა თუ მომსახურების გაძვირება, რადგან დიზელი ფართოდ გამოიყენება სატვირთო გადაზიდვებსა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაში.

იტვირთბა....