ახალი ამბები მსოფლიო

ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერი – ევროკომისია წინასწარ იყო ინფორმირებული რუსეთის, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ

ევროკომისია წინასწარ იყო ინფორმირებული რუსეთის, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს შორის საუბარი ოსლოში 20 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა.

„როგორც ადრეც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ამ საშინელი ომის დასრულება, არამედ ისეთი მშვიდობის მიღწევაც, რომელიც სამართლიანი და მდგრადი იქნება. სწორედ ამ პოზიციას ვიცავთ მიმდინარე მოლაპარაკებებში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი გზავნილი შევინარჩუნოთ – მიუხედავად იმისა, რა მოლაპარაკებები გაიმართება პრეზიდენტ პუტინთან. რაც შეეხება მომავალში დაგეგმილ დისკუსიებს, ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს გასაზიარებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაულა პინიომ.

როგორც პინიომ აღნიშნა, ევროკომისია რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებისთვის განსაკუთრებულ მზადყოფნას ვერ ხედავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთიანი პოზიცია შევინარჩუნოთ და პრეზიდენტ პუტინს ერთი და იგივე გზავნილი გადავცეთ. სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი თავად ამგვარ დისკუსიებში ჩართვის დიდ მზაობას არ ავლენს“, – აღნიშნა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა, მოგვიანებით კი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან საუბრობდნენ თავიანთი ქვეყნების და არა ევროპის სახელით.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის კანონიერი ინტერესების სრული გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

იტვირთბა....