ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ. შემთხვევა ტოლედოს პროვინციაში, ქალაქების – ლოს-იებენესსა და ურდას – შორის მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს Renfe-ს მატარებელში 397 მგზავრი იმყოფებოდა, Iryo-ს მატარებელში კი – 147.
ესპანელი ხალხის, ასევე დაღუპულთა ახლობლებისა და ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.
“გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს ევროპა თქვენთან ერთად გლოვობს”, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სოლიდარობას ვუცხადებ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მთელი გულით ვუჭერ მხარს ესპანელ ხალხს გლოვის ამ მძიმე წუთებში”, – დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

