ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს “ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, – ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრის თითქმის მთელი დრო უკრაინასთან “კონფლიქტის ისტორიულ ძირეულ მიზეზებზე“ საუბარს დაუთმო.
წყაროების ცნობით, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარა.
- გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას გადაწყვიტეს, რომ პუტინის “ისტორიული გადახვევებისთვის“ ხელი არ შეეშალათ, რათა დაედგინათ, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს პუტინი ევროპასთან დიალოგს.
შეგახსენებთ, გუშინ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.

