28 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტულის ოლქზე მიიტანეს იერიში.
რეგიონის გუბერნატორის, დმიტრი მიალიევის განცხადებით, ქალაქ ნოვომოსკოვსკში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, ასევე, სამრეწველო ზონის მიმდებარე ინფრასტრუქტურა.
გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რა მიზნით, თუმცა ქალაქში რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტროსა და ტულის ოლქის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის ლაბორატორიები გაგზავნეს.
უკრაინული მონიტორინგის ტელეგრამარხების, Exilenova+-ისა და Supernova+-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ქიმიური ქარხანა “აზოტი” იყო. ქარხანა უკრაინის დრონების თავდასხმის სამიზნე ადრეც გამხდარა, ბოლოს – 2025 წლის ივნისში.
28 ოქტომბრის ღამეს ლიპეცკის მცხოვრებლები აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. უკრაინული ტელეგრამარხების ცნობით, ხანძარი ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. რუსეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არ დაუკომენტარებია.

