სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ისრაელის საელჩოსთან დანით შეიარაღებული თავდამსხმელი დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა. თავდამსხმელი პოლიციელმა მოკლა.
თავდამსხმელი არასრულწლოვანი იყო. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, შემთხვევა შუაღამის შემდეგ მოხდა. მისი თქმით, თავდამსხმელი პოლიციის ჟანდარმერიის თანამშრომელს ორი დანით დაესხა თავს და ყვიროდა “ალაჰუ აკბარს”.
დაჩიჩის განცხადებით, პოლიციელმა თავდამსხმელი თავდაცვის მიზნით მოკლა. შეტაკებისას სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა.
მინისტრის თქმით, სერბეთის უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელს მანამდეც აკვირდებოდნენ. დაჩიჩის განცხადებით, ის ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო და საკუთარ Instagram-ანგარიშზე ორგანიზაციის შავ დროშას აქვეყნებდა.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევენ. ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა და მნიშვნელოვან ობიექტებთან პოლიციის ყოფნა გააძლიერა.
მომხდართან დაკავშირებით სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
2024 წლის ივნისში ბელგრადში ისრაელის საელჩოს დაცვისას სერბეთის პოლიციის თანამშრომელი არბალეტით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაჭრა. თავდამსხმელი დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

