ახალი ამბები მსოფლიო

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ცნობით, 20 და 24 ოქტომბერს ქვეყნის ორომიის რეგიონში მომხდარ ორ თავდასხმას, სულ მცირე, 60 მართლმადიდებელი ქრისტიანი ემსხვერპლა.

26 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 20 ოქტომბერს მერტის რაიონში 14 ადამიანი მოკლეს, ხოლო 24 ოქტომბერს შერკის რაიონში – 46. ამასთან, ეკლესიის ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმებისას დაიწვა 20-ზე მეტი სახლიც.

შერკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის დიაკვნის თქმით, თავდასხმების დროს ადგილობრივების ნაწილმა თავი ახლომდებარე ეკლესიებს შეაფარა.

წმინდა სინოდმა ხელისუფლებას თავდასხმების საჯაროდ დაგმობის, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა. ეკლესიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიცოცხლისა და რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია.

თავდამსხმელების ვინაობა და მოტივი დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. ორომიის რეგიონული ხელისუფლება პასუხისმგებლობას ამბოხებულთა ალიანსს აკისრებს და თავდასხმებს რელიგიური დაპირისპირების გაღვივების მცდელობას უწოდებს. თუმცა, ალიანსთან დაკავშირებულმა წყარომ Reuters-თან საუბრისას მკვლელობებში რეგიონული მთავრობა დაადანაშაულა.

იტვირთბა....