ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დიპლომატიის ამოცანა დღეს ერთადერთია – გამოაფხიზლოს მოკავშირეები, არ მისცეს მათ მოსვენების საშუალება, მოიპოვოს ყველაფერი, რაც ჩვენს დაცვას შეძლებს და ეს დაუყოვნებლივ გააკეთოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ჰელსიკნში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჰელსინკიში „არა ზოგადი სიტყვებისთვის, არამედ ძალიან არსებითი მოლაპარაკებებისთვის“ ჩავიდა.
სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კვირა ძალიან დაძაბულია.
„პრეზიდენტი აწარმოებს ინტენსიურ საერთაშორისო მუშაობას, რადგან ყველა ამ გეოპოლიტიკური თამაშის ფონზე უკრაინამ უნდა უკარნახოს თავისი პირობები, წინ წასწიოს მის ინტერესებს და მკაფიოდ თქვას: ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა აგრესორის დაშოშმინება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ხვალ სიტყვით გამოვა ჩრდილოეთის საბჭოს სესიაზე, რომელიც რეგიონის მთავარ თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები ფინეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
„კოორდინაციას გავუწევთ ოსლოში ჩვენი ლიდერების – ზელენსკის, სტუბისა და სტორეს – მიერ უკვე მიღწეული გადაწყვეტილებების შესრულებას. ეს შეხვედრა კონკრეტულად სამშვიდობო ძალისხმევას მიეძღვნება. ასევე, ცალკე განვიხილავთ ჩვენს კოლეგებთან ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებსა და პუტინს შორის დღეს დილით გამართული სატელეფონო საუბრის შედეგებს. ჩვენ შევათანხმებთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა სიბიგამ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ოპერაცია სათანადოდ წარიმართება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
„ეს კარგი ნიშანი იქნება იმისა, რომ შეთანხმებები შესაძლებელია, მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია“, – განაცხადა სიბიგამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველა აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის შესაძლო შეხვედრებზე საუბრობს.
„ასე რომ, ჩვენს მეგობრებთან კოორდინაცია ამჟამად უმნიშვნელოვანესია. ფინეთის პრეზიდენტი ჩვენი დიდი მეგობარია; ის მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს პრეზიდენტთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არავინ მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინის ზურგს უკან”, – აღნიშნა სიბიგამ.

