ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპისთვის უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნისას რუსეთთან ნდობის აღდგენის მექანიზმებიც უნდა განვითარდეს.
სტუბის თქმით, ნატო ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძვლად დარჩება, თუმცა ახალი პროცესებიც უნდა შეიქმნას, მათ შორის, რუსეთსა და ევროპას შორის „ნდობის განმტკიცების” ღონისძიებები.
„ყველასთვის მთავარი საკითხია ევროპაში უსაფრთხოების ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი თავის მეზობლებს ხელახლა აღარ დაესხმება თავს“, – აღნიშნა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ცივი ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა და მსოფლიო 1945 და 1989 წლების მსგავს გარდამტეხ მომენტშია. ევროპა, მისი თქმით, „ბნელი ეპოქის” წინაშე დგას: ომები და აშშ-სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ანგრევს.
„გარკვეულწილად, მე სწავლა სინათლის ეპოქაში დავიწყე, თქვენ კი სწავლას ბნელ ეპოქაში იწყებთ“, – განუცხადა სტუბმა აუდიტორიას.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, 30 წელიწადში ევროკავშირი, რომელიც ახლა 27 წევრისგან შედგება, 40 წევრამდე გაფართოვდება. მათ შორის იქნება დიდი ბრიტანეთი, რომელიც კვლავ შეუერთდება ბლოკს, ნორვეგია, მოლდოვა და უკრაინა.

