რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა რუსეთის მიერ მართული დივერსიული ქსელი გამოავლინა, რომელიც 14 სექტემბერს ბრაშოვში მდებარე Carfil-ის იარაღის ქარხნისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობასთან არის დაკავშირებული.
ინფორმაციას Європейська правда რუმინეთის დაზვერვის სამსახურის (SRI) განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუმინული საინფორმაციო ტელეარხი Digi24 იუწყება, რომ ეჭვმიტანილები არიან ბელარუსის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. ორი მათგანი სამართალდამცავებმა გერმანიაში დააკავეს, სადაც ისინი მსგავსი დანაშაულების ჩადენისთვის ემზადებოდნენ. მესამე ეჭვმიტანილი პოლონეთში დააპატიმრეს. ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ სამივეს წინააღმდეგ ევროპული დაკავების ორდერი გასცა, რუმინეთის ხელისუფლებამ კი ექსტრადიციის პროცედურები დაიწყო.
დაზვერვის სამსახურის განცხადებით, დაჯგუფების საქმიანობა მხოლოდ რუმინეთით არ შემოიფარგლებოდა. რუსმა კურატორებმა დივერსიულ ქსელს რეგიონის მასშტაბით მრავალი სამიზნე დაუსახეს, მათ შორის, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო იარაღის მწარმოებლები და სამხედრო თუ სამრეწველო მნიშვნელობის სხვა ობიექტები.
დაზვერვის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა რუსეთის მიერ მთელ ევროპაში კოორდინირებული დივერსიული ოპერაციების უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. ჩატარებულმა გამოძიებებმა რუმინეთში მდებარე ობიექტების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟის სხვა მცდელობებიც გამოავლინა, მათ შორის, საერთაშორისო სამხედრო ბაზებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად გამოყენებულ ობიექტებზე.
რუმინეთის დაზვერვის ინფორმაციით, დივერსიული ოპერაციებისთვის პირების გადაბირება, როგორც წესი, სოციალური ქსელებით ხდება. ახალწვეულებს თავდაპირველად ცალკეული დავალებების შესასრულებლად ფულს სთავაზობენ, როგორიცაა კონკრეტული ობიექტების თვალთვალი ან გადაღება. შემდეგ დავალებები სულ უფრო მძიმდება და შესაძლოა განადგურებამდე, ცეცხლის წაკიდებამდე ან მკვლელობამდეც კი მივიდეს. თუ გადაბირებულები უარს იტყვიან, კურატორებმა შესაძლოა ზეწოლასა და შანტაჟს მიმართონ.
ვინაობისა და გადაადგილების დასაფარად, წევრები ხშირად სხვების სახელზე გაფორმებულ ტრანსპორტს, საცხოვრებელსა და გადახდის მეთოდებს იყენებენ. ისინი ასევე მესამე ქვეყნების სიმ-ბარათებითა და დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციებით ურთიერთობენ.
“დაზვერვის სამსახური ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატთან, თავდაცვის დაზვერვის მთავარ დირექტორატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლენილი დივერსიული ოპერაციების გამოძიებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

