აშშ-ის მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტის შემცირების მიზნით ზეწოლა არ ყოფილა, – ამის შესახებ ინდოეთის ნავთობის მინისტრმა, ჰარდიპ სინგ პურიმ განაცხადა.
ჰარდიპ სინგ პურის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ განუცდია, რათა ინდოეთს რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი შეემცირებინა.
„მე არასდროს არაფერი მიგრძნია“, – აღნიშნა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა.
პურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ინდოეთში ნავთობის იმპორტის 0.2% რუსეთიდან ხორციელდებოდა, ხოლო ომის დაწყების შემდეგ რუსულ ნავთობზე ფასდაკლების გამო რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა.
მისი თქმით, რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის იმპორტის ზრდა სხვა სახეობის ნავთობთან შედარებით ნაკლებ ფასებს უკავშირდება.
„ადამიანები რასაც არ უნდა აკეთებდნენ ან ამბობდნენ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მათ პირად ინტერესებს ეფუძნება“, – განაცხადა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა.

