ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნებია.
ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 7.3 მილიონ ისრაელელს აქვს.
ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ ბლოკსა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გადი აიზენკოტის პარტია „იაშარი“ ლიდერობს, კონკურენცია მჭიდროა.
ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი პრემიერ-მინისტრია. როგორც ისრაელის მედია წერს, გამოკითხვების თანახმად, ვერცერთი მხარე ვერ მოიპოვებს მმართველობისთვის საჭირო უმრავლესობას, თუ შეინარჩუნებს წინასაარჩევნო დაპირებას, რომ გარკვეულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მთავრობას არ შექმნის.
მედიის ცნობით, საარჩევნო კამპანიის მთავარი საკითხები ღაზაში ომი, ირანისა და „ჰეზბოლას“ საფრთხეები და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის საკითხინ იყო. ამომრჩევლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ულტრაორთოდოქსი ებრაელების სამხედრო სამსახურის საკითხი, სასამართლო რეფორმები და ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის ინფლაცია, საცხოვრებლის გაძვირება და ომის ხარჯები.

