რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 10, რომელთა უმეტესობა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთ-ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა კიევში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელიც.
„ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაშავდა, თუმცა, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გრძელდება სამაშველო სამუშაოები. ნგრევა მასშტაბურია. არსებობს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და ადამიანების გადასარჩენად მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული რაკეტები ხალხმრავალ ადგილებში ჩამოვარდა, რომელთა სიახლოვესაც არცერთი სამხედრო ობიექტი არ მდებარეობს.
კიევის მერის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში 26 ოქტომბერს, ორშაბათს, გვიან საღამოს მიიტანა.

