ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ბენიამინ ნეთანიაჰუ.
Reuters-ის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრის დასრულებისთანავე ისრაელის ტელეარხები ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ. ხმების საბოლოო დათვლა 30 ოქტომბრისთვისაა მოსალოდნელი, ოფიციალური შედეგები კი 4 ნოემბერს გამოცხადდება.
ისრაელის პარლამენტი, ქნესეთი, 120 დეპუტატისგან შედგება. მანდატები პროპორციული სისტემით ნაწილდება, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა ხმების მინიმუმ 3,25% უნდა მიიღონ.
არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის შემდეგ პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს და მთავრობის ფორმირებას იმ კანდიდატს დაავალებს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვების ყველაზე მეტი შესაძლებლობა ექნება. მთავრობის შესაქმნელად კანდიდატს 42 დღემდე ვადა მიეცემა.
Reuters-ის ცნობით, ისრაელში არცერთ პარტიას დამოუკიდებლად საპარლამენტო უმრავლესობა არასდროს მოუპოვებია, რის გამოც მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციური მოლაპარაკებებია აუცილებელი. თუ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება, ქვეყანაში შესაძლოა განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს.

