აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიმდინარეობს ამერიკის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მომზადება პოტენციური ომისთვის, რომ გარე მხარდაჭერის გარეშე, სამხედრო ბაზებმა 90 დღის განმავლობაში შეძლონ სრულად ფუნქციონირება – „ფოქსნიუსი“

პენტაგონის ახალი ინიციატივა FORTRESS-ის ფარგლებში, მიმდინარეობს ამერიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების მომზადება პოტენციური მსოფლიო ომისთვის, რომლის შემთხვევაშიც, გარე მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის გარეშე, სამხედრო ბაზები სრულად ფუნქციონირებას 90 დღის განმავლობაში შეძლებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საფრთხის ქვეშ აღმოჩენის, მიწოდების ჯაჭვისა და ენერგოქსელის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინიციატივა ითვალისწინებს მობილური ბირთვული რეაქტორების, მიკროქსელის, დიდი ბატარეების გამოყენებას, ასევე, საბრძოლო მასალებისა და საწვავის სტრატეგიული მარაგების შექმნას.

როგორც „ფოქსნიუსი“ წერს, აღნიშნული ზომების მიზანია, ამერიკული ჯარი უზრუნველყოფილი იყოს შესაძლებლობებით, რათა განაგრძოს საბრძოლო მოქმედებები, იმ შემთხვევაშიც, თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდება.

პენტაგონი ასევე ქმნის პირობებს, კრიზისის შემთხვევაში, სამოქალაქო ქარხნების თავდაცვით წარმოებაზე გადასვლისთვის, ამზადებს მიწოდების ალტერნატიულ ჯაჭვს და სტრატეგიულ მარაგებს იარაღის, საწვავისა და სხვა აუცილებელი მასალების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად. პროგრამა მოიცავს ყველა მსხვილ სამხედრო ობიექტს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე.

პენტაგონის წარმომადგენლის შონ პარნელის განმარტებით, სამხედრო ამოცანების შესასრულებლად, აუცილებელია ენერგომომარაგება, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, დაცული და სარეზერვო.

„მომდევნო კონფლიქტი სავარაუდოდ მრავალ ფრონტზე იქნება წარმოდგენილი. შეხედეთ გეოპოლიტიკას, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ დიდ ომს. ეს როცა მოხდება, მიწოდების გლობალური ჯაჭვები გაწყდება“, – განაცხადა პარნელმა.

მედიის ცნობით, გათვალისწინებულია რეგულარული სამრეწველო სტრესული ტესტები და მობილიზაციის სწავლებები. გარდა ამისა, ძლიერდება სამხედრო კავშირგაბმულობის, ნავიგაციისა და თანამგზავრული სისტემების დაცვა იმ შემთხვევისთვის, თუ GPS სიგნალები იქნება ჩახშობილი.

იტვირთბა....