ახალი ამბები მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობდა, დონალდ ტრამპი არჩევნებამდე ირანზე ერთობლივ თავდასხმაში დაერწმუნებინა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი არ დასთანხმდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანზე ახალი თავდასხმების განხორციელებას ცდილობს, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მას სთხოვეს, გადაედო ეს ნაბიჯი მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად მზად არ იქნება, – ინფორმაციას CNN-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ისრაელის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნეთანიაჰუს ძალიან სურდა და ცდილობდა კიდეც, ტრამპი არჩევნებამდე ირანზე ერთობლივ თავდასხმაში დაერწმუნებინა, თუმცა ტრამპმა ამაზე თანხმობა არ განაცხადა“, – განუცხადა CNN-ს ისრაელელმა წყარომ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ეს ინფორმაცია უარყო და „ყალბი ამბავი“ უწოდა.

CNN-ის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ბოლო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ისრაელი ირანზე დამატებითი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობისთვის ემზადებოდა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს არწმუნებდა, მხარი დაეჭირათ ახალი დარტყმებისთვის და მათში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელს მოუწოდეს, თავი შეეკავებინა ამ ნაბიჯისგან და სანაცვლოდ მიანიშნეს, რომ ორივე ქვეყანა ერთობლივ ოპერაციებს მალე დაიწყებდა.

CNN-ის წყაროს მტკიცებით, ტრამპის უარის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, გენერალ დენ კეინს განუცხადა, რომ ეს ისრაელში არჩევნებს დააზარალებდა და მის გადადებას გამოიწვევდა.

კვირას, ისრაელის Channel 12 -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშაბათს დაგეგმილ კენჭისყრამდე 48 საათზე ნაკლები დროით ადრე ზამირსა და ნეთანიაჰუს შორის „უპრეცედენტო“ დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, ზამირმა პოლიტიკური ეშელონისგან ირანთან დაკავშირებული დირექტივა მიიღო, მაგრამ სამართლებრივი ნებართვების მიღება მოითხოვა. მას ეშინოდა, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა არასწორი გათვლა მოჰყოლოდა, რაც, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ კონფლიქტს გამოიწვევდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლო და მცდარია“.

იტვირთბა....