გამოცემა Wall Street Journal სამი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უნგრეთის ყოფილ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას სთავაზობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორები ამერიკელი მაღალჩინოსნები არიან, რომლებმაც უნგრეთის ყოფილ პრემიერმინისტრს თავადვე მიმართეს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში რუსეთთან და ჩინეთთან მიმდინარე წინასწარი საუბრების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ორბანის კანდიდატურას მოსკოვი და პეკინიც დაუჭერენ მხარს – შემუშავებული გეგმა სამივე ქვეყნის ერთობლივ კანდიდატად ორბანის წარდგენას გულისხმობს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან რვის მხარდაჭერის მოპოვება მარტივად შეუძლია. ამავე წყარომ უნგრეთის ყოფილ პრემიერს “MAGA კონსერვატორებისთვის საოცნებო კანდიდატი” უწოდა.
WSJ-ის მიხედვით, ორბანმა შეთავაზების მიმართ ინტერესი გამოიჩინა, თუმცა, კანდიდატურის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ გამარჯვებაში დარწმუნებული იქნება.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, განცხადება აშშ-ს შუალედური არჩევნების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს. გამოცემა წერს, რომ კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში ორბანისადმი მხარდაჭერას ტრამპისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსისგანაც ელიან.
გაეროს გენერალურ მდივანს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით ნიშნავს. საბჭოში კანდიდატს, სულ მცირე, ცხრა ხმა სჭირდება და, ამავდროულად, აუცილებელია, რომ ხუთი მუდმივი წევრიდან ვეტოს უფლება არცერთმა გამოიყენოს. შესაბამისად, აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის შემთხვევაშიც ორბანის კანდიდატურის დაბლოკვა გაერთიანებულ სამეფოს ან საფრანგეთსაც შეეძლებათ.
მოქმედ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება, ხოლო მისი მემკვიდრის მანდატი 2027 წლის 1-ელ იანვარს დაიწყება.

