თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი ოქტაი სარალი, რომელმაც ილჰამ ალიევი სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით გააკრიტიკა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ჩვენ არ ვართ მიჯაჭვული თანამდებობებს. ამ პოსტზე პრეზიდენტმა დამნიშნა და მისივე მითითებით დავტოვე თანამდებობა. არავის მიმართ არანაირი წყენა არ მაქვს. მთავარია თურქეთის რესპუბლიკა. მთავარია ჩვენი პრეზიდენტის წარმატება“, – განაცხადა ოქტაი სარალმა.
აზერბაიჯანში მთავრობამ, დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებთან დაკავშირებული ახალი წესების ფარგლებში, აკრძალა ისეთი „დამატებითი ტანსაცმლის“ გამოყენება, რომელიც არღვევს სასკოლო ფორმის ერთგვაროვნებას და შეუთავსებელია საერო განათლების პრინციპთან. აკრძალვის შედეგად, სკოლებში არ დაუშვეს თავსაბურავიანი მოსწავლეები და მასწავლებლები. აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, ოქტაი სარალმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „აზერბაიჯანში თავსაბურავიანი მოსწავლეებისთვის განათლების მიღების უფლების შეზღუდვა მიუღებელია! თანამედროვე ეპოქაში მსგავსი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული!“

