უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთი სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს იქამდე არ დათანხმდება, ვიდრე მოსკოვს ექნება იმედი, რომ უკრაინაზე ზეწოლით საკუთარ მიზნებს მიაღწევს.
მისივე თქმით, ომის დასასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება და გაძლიერება.
„ვიდრე რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია, მიაღწიოს თავისი შემოჭრის მიზნებს – მიზნებს, რომელთა მიღწევაც ბრძოლის ველზე შეუძლებელია – უკრაინის კაპიტულაციისკენ ზეწოლით, ის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება. მშვიდობა ძალის გზით ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც მუშაობს, თუმცა ეს ძალა აგრესორის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც თავს იცავს. ეს ომი უკრაინის წინააღმდეგობის შეწყვეტით ვერ დასრულდება. მისი დასრულება მხოლოდ აგრესორის თავდასხმების შეწყვეტით არის შესაძლებელი“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებას გამოეხმაურა. უშაკოვის თქმით, მოსკოვი მზად არის, 4 ნოემბრის შემდეგ უკრაინასა და შეერთებულ შტატებთან სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს.

