საქართველოს მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება დღეს გაიმართება.
ბუდაპეშტში ღონისძიებები ტრადიციული მსვლელობითა და რევოლუციის ცეცხლის დანთებით გაიხსნა. ჩირაღდნებით მსვლელობას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მიუძღოდნენ.
შეკრებილებმა ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზუსტად ის გზა გაიარეს, საიდანაც 70 წლის წინ სტუდენტური პროტესტი დაიწყო, რაც მეორე დღეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყებაში გადაიზარდა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ რევოლუციის მთავარი სიმბოლო – უნგრეთის დროშა ამოჭრილი შუაგულით, საიდანაც 1956 წელს დემონსტრანტებმა საბჭოთა გერბი ამოჭრეს.
შეკრებილებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვითაც მიმართა.
“აქედან ყველას ვუგზავნით მკაფიო სიგნალს, ვინც ჩვენთან პატივისცემითა და კეთილი განზრახვით მოდის, მას მეგობრულად მივიღებთ, თუმცა ჩვენ თავისუფლებას იოტისოდენადაც არ დავთმობთ. ჩვენ საკუთარ ისტორიაზე გავიზარდეთ. ჩვენ თავაწეულები და დამოუკიდებელი მომავლისადმი ურყევი რწმენით ვიყურებით წინ.
გთხოვთ, თქვენ და ვთხოვ ყველა უნგრელს, რომ თან ვატაროთ ეს სიმშვიდე, სიცოცხლის ხალისი და სიმტკიცე. სანამ ჩვენში ამდენი ძალაა და ასე გვიყვარს ეს ქვეყანა, ჩვენ შენების საფუძველი გვაქვს. ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ უნგრეთის მომავალზე ერთად ვიფიქროთ. დიდება 1956 წლის ყველა გმირს. გაუმარჯოს თავისუფალ და ნამდვილად დამოუკიდებელ უნგრეთს”, – განაცხადა პიტერ მადიარმა.
უნგრეთში 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

