ალბანეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა საპარლამენტო სხდომის ჩაშლა სცადეს, თუმცა პარლამენტმა ქვეყანაში დაძაბულობის ფონზე კანონპროექტებზე კენჭისყრა გააგრძელა, – იუწყება Euronews-ი.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ხელმძღვანელობამ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების ათდღიანი საპროტესტო აქციების განხილვაზე უარი თქვა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს და იმ სტუდენტების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც წინა საპროტესტო აქციების დროს პოლიციასთან შეტაკებებისას დაშავდნენ. შექმნილი ქაოსის მიუხედავად, პარლამენტმა კანონპროექტებზე კენჭისყრა განაგრძო.
თითქმის ორი კვირაა, ტირანის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის არაერთი შეტაკება მოხდა. მომიტინგეები სამართალდამცველებს ქვებს, მაშხალებს, ფეიერვერკებს ესვრიან. პოლიცია მათ წინააღმდეგ ხელკეტებს, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

