აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის საკითხზე პუტინთან მოლაპარაკებისთვის ევროპის წარმომადგენლად სტუბი განიხილება – POLITICO

POLITICO-ს ცნობით, ევროპის ლიდერები ეძებენ საუკეთესო კანდიდატს, რომელიც უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ვლადიმირ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებში ევროპას წარადგენს.

გამოცემის ინფორმაციით, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრა, რათა პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტის გამართვა შეეთავაზებინა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 20 ოქტომბერს Axel Springer Global Reporters’ Network-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტულ ძალად არ მიიჩნევს.

“პრეზიდენტი პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტულ ძალად არ მიიჩნევს, მას არ სურს ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარი, არ ელაპარაკება კაია კალასს. მან შეწყვიტა დიალოგი ევროპის სხვა ლიდერებთანაც, მათ შორის ემანუელ მაკრონთან”. – თქვა პაველმა.

მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირმა უნდა “შეარჩიოს პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც ევროპის სახელით ისაუბრებს, არა აუცილებლად ევროკავშირის ან NATO-ს წარმომადგენლები, არამედ უბრალოდ ლიდერები, რომლებსაც სხვები მოლაპარაკებების მანდატს მიანიჭებენ”.

POLITICO წერს, რომ ამან ბრიუსელსა და მის ფარგლებს გარეთ კვლავ წარმოშვა დებატები იმის თაობაზე, რომ ევროპას კრემლთან პირდაპირი კავშირის საკუთარი არხი ესაჭიროება რეგიონის ინტერესების დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად, რათა მან არახელსაყრელ შეთანხმებას წინააღმდეგობა გაუწიოს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვაჭრობის საკითხებზე პირდაპირ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრამპთან, ხოლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტას კრემლთან საკომუნიკაციო საკუთარი არხი ადრე უკვე გახსნა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიდევ ერთი პოტენციური ფიგურაა, რომელიც მთლიანად ევროპის ინტერესებს გამოხატავს.

თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთ-ერთი დიპლომატის შეფასებით, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, ბრიუსელის პოლიტიკურ წრეს მოუწევს იმ რეალობის მიღება, რომ პუტინთან და ტრამპთან გარიგება ევროკავშირის პროტოკოლებით ვერ წარიმართება.

“ჩვენ ვერ წარვდგებით ორი ან სამი ადამიანით, რომლებიც ერთდროულად ევროკავშირის სახელით ისაუბრებენ […] იმის არჩევანი, თუ ვინ წარმოადგენს საბოლოოდ ევროკავშირს, დაეფუძნება არა ძალაუფლებისთვის პირად ბრძოლებს ან ნარცისულ ამბიციებს, არამედ იმას, რაც მაქსიმალურ სარგებელს მოიტანს”. – განაცხადა დიპლომატმა.

POLITICO-ს მიხედვით, ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის მიღმა არსებული ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ყურადღებას იპყრობს, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბია. მის სასარგებლოდ ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს: ევროკავშირის ლიდერებს შორის მას, შესაძლოა, საუკეთესო ურთიერთობა აქვს ტრამპთან, ხოლო ფინეთს რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია – ამ ორ ქვეყანას 1300-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს და წარსულში ომიც გადაუტანიათ.

“სტუბი საინტერესოა რუსეთის შესახებ ფინური ცოდნისა და მასთან ტრადიციული დიალოგის გამო”. – აღნიშნა დიპლომატმა. “მათ ჩვენს მხარეს ყველაზე უკეთ იციან, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსგავს ვითარებაში თავი დაცულად იგრძნო”.

ევროკავშირის მეორე დიპლომატმა აღნიშნა, რომ სტუბი “ჯერჯერობით ერთადერთი პირია, რომელიც გამოიკვეთა”  მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერობის საჩვენებლად და მას მომავალ სამშვიდობო სამიტზე ევროპის სპეციალური წარმომადგენლის როლის შესრულება შეუძლია. 20 ოქტომბერს სტუბი ნორვეგიაში ზელენსკისთან და უიტკოფთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე, რომლებიც პუტინთან შესახვედრად აშშ-ს წარმომადგენლის რუსეთში ვიზიტს წინ უსწრებდა.

ოსლოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფონ დერ ლაიენის მთავარი მრჩეველი ბიორნ ზაიბერტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობს.

ევროპელმა მესამე დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში უშუალოდ ევროკავშირის მონაწილეობა და არა მხოლოდ გავლენიანი სახელმწიფოების – გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს – ვიწრო ჯგუფისა.

ევროკავშირის მეოთხე დიპლომატის ცნობით, ბრიუსელში გასულ კვირას გამართულ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა კოშტას ჰკითხეს აპირებდა თუ არა პუტინთან პირადად დალაპარაკებას, რაზეც  კოშტამ უპასუხა, რომ ის ამჟამად პუტინთან საუბარს არ აპირებს.

 “კოშტა უფრო მეტად ტოვებს მიუკერძოებელი მედიატორის შთაბეჭდილებას”. – აღნიშნა დიპლომატმა.

ევროკომისია ამტკიცებს, რომ ევროკავშირი სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკვე მონაწილეობს, რის დასტურადაც 20 ოქტომბერს ოსლოში ზაიბერტის ყოფნა მიუთითებს. “[ოსლოში ვიზიტის] მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, არსებობს თუ არა წინაპირობები სამმხრივ ან მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასასვლელად, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთ მაგიდასთან დასხდებიან” – განუცხადა 21 ოქტომბერს ჟურნალისტებს ევროკომისიის პრესსპიკერმა პაულა პინიომ.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე განხილვები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება.

ამის შესახებ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში 21 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოსლოში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრების შემდეგ დაწერა.

ამასთან, კრემლში ირწმუნებიან, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

უშაკოვის თქმით, ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრისას აცნობა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, მოლაპარაკებები “მთავარ საკითხზე” განაახლოს, რომელიც “კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას” ეხება.

იტვირთბა....