ომის დასასრულებლად, ტრამპმა ჩემ მიმართ გამოყენებული რიტორიკა პუტინზე უნდა გადაიტანოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Diary of a CEO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, არ იცის, რატომ შეცვალა დონალდ ტრამპმა პუტინის მიმართ დამოკიდებულება. ამავდროულად, ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებას შეუძლია ომის დასრულებაში დახმარება.
„ტრამპს შეუძლია, პუტინი ძალიან მარტივად აიძულოს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ტრამპმა ჩემ მიმართ გამოყენებული რიტორიკა პუტინზე უნდა გადაიტანოს. მას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მაგიდაზე – ამას ხმა მისცა არა მან, არამედ კონგრესმა და ამის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, მას და პუტინს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, შესაძლოა, სხვა რამაა – არ ვიცი, რატომ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის პრეზიდენტია დამნაშავე შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის ფასების ზრდაში, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს უსამართლოა.
მისივე თქმით, უკრაინა „რუსულ დიზელს უტევს“ აგრესორი ქვეყნის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საპასუხოდ. ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტამ შესაძლოა, ვითარება შეცვალოს, მაგრამ ტრამპმა ამ საკითხზე შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია.
„პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხზე პუტინთან შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი ამაზე უარს ამბობს. ამიტომ, პრეზიდენტი ტრამპი მე მადანაშაულებს და არა – პუტინს. ის ამერიკელებს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები იზრდება, რადგან ჩვენ რუსეთს ვესხმით თავს – ეს ტყუილია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ტრამპთან და ვფიქრობ, უსამართლოა, რომ მე მადანაშაულებს. ის კონტექსტს ცვლის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

