ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის იდეას არ დაუბრუნდება.
„ბრუსელს თაიმის“ ცნობით, ბარტ დე ვევერმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაფარად ევროკომისია ბელგიას არ შესთავაზებს რაიმე ახალ ტრანზაქციას რუსულ აქტივებთან დაკავშირებით.
„ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ასე იყო ნათქვამი“, – განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
დე ვევერმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან რუსული აქტივების შესახებ დისკუსიების ხელახლა გახსნას. ამასთან, მან გააკრიტიკა ნიდერლანდელი კოლეგა რობ იეტენი, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირმა რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს.
მისივე თქმით, ზოგიერთ ახლადდანიშნულ ევროპელ ლიდერს არ მიუღია მონაწილეობა გასული წლის დებატებში და ახლა ისეთ არგუმენტებს ავრცელებს, რომელზეც ადრე უკვე უარი ითქვა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გააფრთხილა ევროპელი კოლეგები, „ამ ტიპის საუბარსაც“ შეიძლება, ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები.
დე ვევერი ჯერ კიდევ 2025 წელს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის მხარდასაჭერად ბრიუსელში დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების კომპანია Euroclear-იდან დაახლოებით 185 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას.

