მონტენეგრომ რუსეთს ოფიციალურად აცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან ორ ქვეყანას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას წყვეტს. ამის შესახებ მონტენეგროში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ლუკაშიკმა 21 ოქტომბერს რუსულ სამთავრობო მედიასთან განაცხადა.
ლუკაშიკის თქმით, მონტენეგროსგან მიღებული ოფიციალური შეტყობინება 2008 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების შეწყვეტას ეხება, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის პირობებს არეგულირებდა.
“მონტენეგროს მხარემ ოფიციალურად გვაცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან წყდება რუსეთის ფედერაციისა და მონტენეგროს მთავრობებს შორის 2008 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების მოქმედება, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის პირობებს ეხება. აღნიშნული თარიღიდან რუსეთის მოქალაქეებს მონტენეგროში შესასვლელად მონტენეგროს ან გარკვეული სხვა ქვეყნების, მათ შორის, შენგენის ზონის სახელმწიფოების, ვიზა დასჭირდებათ.” – თქვა ლუკაშიკმა.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაახლოების ფარგლებში მიიღო. შესაბამისი ცვლილება მთავრობამ 23 ივლისს დაამტკიცა და ის რუსეთის გარდა ბელარუსის, ჩინეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებსაც ეხება.
მონტენეგრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირის წესებთან სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა კი ქვეყნის გაწევრიანების პროცესში ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

