ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურის დაკავების ფაქტს ოპოზიციაში აფასებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას თქმით, დაკავებული აღნიშნული თანამდებობაზე მისი კრიმინალური წარსული მიუხედავად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ნუგზარ მალაღურაძემ დანიშნა.
“ბექაური იყო ორჯერ ნასამართლევი, მათ შორის საბურავების მოპარვაზე იყო და მიუხედავად ამისა მაინც გაუწია რეკომენდაცია და ნეპოტიზმით დანიშნა ნაძალადევში და დღეს ასე სამარცხვინოდ დააკავეს. გარდა ამისა დაკავებული ბექაურის შვილი, მალაღურაძემ მოაწყო საკრებულოს იურიდიული სამსახურის თანამშრომლად.“ – განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სევდია უგრეხელიძის თქმით, კი თუ ბექაურს რეკომენდაცია მალაღურაძემ გაუწია და ამის გამო მან პასუხი უნდა აგოს.
“დრომ დაამტკიცა, რომ ეს ადამიანი არ ანებებდა თავს კრიმინალურ მოღვაწეობას. რაც შეეხება ბატონი მალაღურაძის კავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას იმედია სამართალდამცავი ორგანოები გამოიკვლევენ. არ არის აუცილებელი ეს კავშირი იყოს ამ ქრთამთან მიმართებაში, ეს ნათესაური კავშირი მას არასდროს უარყვია და ამ მხრივ თუ კი მან გაუწია და გაუწია რეკომენდაცია, რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს“. – ამბობს უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბექაური დღეს დააკავა. გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისგან ერთ შემთხვევაში 1800, ხოლო მოგვიანებით 2000 ლარი აიღო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.