19 ოქტომბერს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულების გზების განსახილველად ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შესახვედრად მზად არის.
ტრამპმა მიანიშნა, რომ მსოფლიო ლიდერთა შეხვედრა, რომლის ინიციატივითაც, გავრცელებული ცნობებით, პუტინი გამოვიდა, შესაძლოა ზელენსკის გარეშე გაიმართოს.
“ყველაფერს გავაკეთებ ომის დასასრულებლად, იმის მიუხედავად, დაესწრება ვინმე თუ არა”. – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის დატოვებისას, კანზასში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, როდესაც მას მოსალოდნელ შეხვედრაზე დაუსვეს შეკითხვა.
“თუ პრეზიდენტ სი ძინფინგს სურს მისი გამართვა, მე მზად ვარ. დარწმუნებული ვარ, სხვა საკითხებზეც, მათ შორის ვაჭრობაზეც ვისაუბრებთ. დიახ, ამ შეხვედრას გავმართავდი”. – აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს, რომლებსაც აშშ-ს წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ირანის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თეირანისთვის “ძალიან ცოტა რამ” აქვთ გაკეთებული.
ხოლო როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა ზელენსკის კრიტიკაზე – რუსეთისთვის ახალი სანქციების მოხსნის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებასა და უკრაინის ლიდერის განცხადებაზე, რომ ტრამპი ისტორიის არასწორ მხარეს დგას – აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ზელენსკიმ “არ იცის რას ლაპარაკობს”.

