გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ნორვეგიასა და რუსეთში ჩასვლას გეგმავს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ოსლოში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტიორე და ასევე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლები. ამასთან, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ავადმყოფობის გამო შეხვედრას დისტანციურად დაესწრება.
Reuters-ის ცნობით, რუსეთში უიტკოფი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს და უკრაინის საკითხთან ერთად, საუბარი შეეხება რუსეთში დაკავებული ამერიკელი სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებასაც. თუმცა, გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ განრიგი საბოლოო არ არის და შესაძლოა, შეიცვალოს.
20 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ალექსანდრ სტუბი იმავე დღეს ოსლოში ზელენსკისა და სტიორეს შეხვდება. განცხადების მიხედვით, ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობას განიხილავენ.
დაგეგმილ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 18 ოქტომბერს უიტკოფსა და კუშნერთან ზელენსკის მიერ გამართული სატელეფონო საუბარი. პარალელურად, ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონს რუსულ ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერება შესთავაზა, სანაცვლოდ კი უკრაინის დასაცავად Patriot-ის დამატებითი გზაგადამჭერი რაკეტების მიღება მოითხოვა.

